რელიგია
რატომ ვანთებთ სანთელს შობის ღამეს სარკმელთან?
უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.

ეს ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.

ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა.

მაცხოვრის შობის მოახლოების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო, ბეთლემში წასვლა მოუხდათ. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევად თანხა არ ჰქონდათ, ღარიბ-ღატაკნი არც ერთმა სახლმა არ მიიღო. შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი.
| Print |