რელიგია
სოფელ ზიკიალიას ისტორიული მეჩეთი დანგრევის პირასაა
ზიკილიას მეჩეთში შესვლა სულ უფრო საშიში ხდება. მკაცრ ზამთარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა ვერ გაუძლო და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ჩუქურთმიანი, სახურავის საყრდენი ბოძი ჩამოვარდა. ჩამონგრეული ჭერიდან ჩამოსული წვიმა და თოვლი უნიკალურ მოხატულობას და ორნამენტებს უკვალოდ აქრობს. სახელმწიფო უწყებებისგან მიტოვებულ ძეგლს ადგილობრივები უვლიან, რომლებიც მზად არიან, რომ თუ მთავრობა სამშენებლო მასალას შეუძინეს, ქართულ-ისლამური მემკვიდრეობა გადაარჩინონ და საკუთარი ძალებით გადახურონ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, რადგან ნახევრად დანგრეული ძეგლი საფრთხეს იქ მაცხოვრებლებს უქმნის. ხალხი ზიკილიას მეჩეთის მსგავსად, მუსლიმმა მესხებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ააშენეს სოფელ კლდის მეჩეთიც. სალოცავი ჯერ საბჭოთა კავშირის დროს გადაღებეს, ახლა კი მიტოვებული შენობა უყურადღებობით ინგრევა.
სამცხე-ჯავახეთში არსებული მეჩეთები ქართული ისლამური კულტურის ნაწილია. ლაზი ოსტატების მიერ აგებულ ჯამეებში მშენებლობის ძველი ქართული სტილი გვხვდება, მაგალითად ოშკის ორნამენტებს მესხურ მეჩეთებზე შეხვდებით. სპეციალისტები შიშობენ, რომ რამდენიმე წელში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა სრულად განადგურდება.
სამცხე-ჯავახეთში აღრიცხული 60-მდე მეჩეთიდან, მხოლოდ 35-ია შემორჩენილი. მათგან ნაწილი ინგრევა. მუსლიმი თემი ამბობს, რომ ქართული ისლამური კულტურის გადასარჩენად კულტ. სააგენტო არაფერს აკეთებს. არაერთი დაპირების მიუხედავად, რეგიონში რეაბილიტაცია არც ერთ მეჩეთს ჩასტარებია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ კიდევ 2017 წელს ამბობდნენ, რომ სამცხე-ჯავახეთში ორი მეჩეთის რეაბილიტაცია იწყებოდა, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა. რატომ არ მოხვდა არც ერთხელ სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხაში სამცხე-ჯავახეთის რომელიმე მეჩეთი - კულტ. სამინისტრო ამ კითხვაზე არ გვპასუხობს. უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან რელიგიური კონფესიებისთვის ყოველწლიურად ასობით ათასი ლარი იხარჯება, თუმცა თითქმის მთელი თანხა ქრისტიანული ძეგლების მშენებლობას ხმარდება.
| Print |