რელიგია
მართლმადიდებლებისთვის ყველიერის კვირა დაიწყო
მართლმადიდებლებისთვის ყველიერის კვირა დაიწყო.ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინა კვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება.

როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის მიღება.

დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ეს ლოცვა ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას უნდა შესრულდეს, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვა არ სრულდება პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

მორწმუნეებისთვის სააღდგომო მარხვა კი 27 თებერვალს დაიწყება.
| Print |