რელიგია
“უკრაინა დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს” - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქი კირილე მსოფლიო რელიგიურ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს დახმარებას, რათა შეჩერდეს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მიმდინარე წლის 29 მარტამდე უკრაინის რუსულმა ეკლესიამ სრულად უნდა დატოვოს კიევ-პეჩორის ლავრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით 2023 წლის 11 მარტს კირილე მოსკოველმა ოფიციალურად მიმართა ადგილობრივ ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, ასევე რომის პაპ ფრანცისკეს, კოპტური ეკლესიის პატრიარქ ტავადროს მეორეს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მდივანს ჯერი პილას, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს, ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ვოლკერ ტურკის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მატეო მეკაჩის.

პატრიარქ კირილეს განცხადებით უკრაინის ხელისუფლების ხსენებული გადაწყვეტილება საკმარისად სამართლებრივად არ არის დასაბუთებული.

„სამწუხაროა, რომ როდესაც უკრაინის სახელმწიფო ხელმძღვანელობა აცხადებს თავის ერთგულებას დემოკრატიული ნორმების, განვითარების ევროპული გზის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართ, ეს უფლებები და თავისუფლებები დღეს ყველაზე უხეშად ირღვევა", - წერს თავის მიმართვაში კირილე მოსკოველი.
| Print |