რელიგია
საპატრიარქო "ალტ-ინფოს" აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ იმ სასულიერო პირის მღვდელმთავარს გაეგზავნა წერილი, რომელიც გუშინ, 14 მარტს პარლამენტის შენობის წინ პარტია "კონსერვატიული მოძრაობისა" და ამავე პარტიის ტელეარხ "ალტ-ინფოს" ორგანიზებულ აქციაზე იდგა. ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების აქციაზე ისმოდა მუქარა, რაც საპატრიარქოს განცხადებით, მათთვისაც მიუღებელია.

"რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ.

მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.

აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.

აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა.

საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით.

ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას.

ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის"
- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
| Print |