რელიგია
როდის და ვისთვის შეიძლება შვიდგზის ზეთისცხება
აღდგომის მარხვაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. ზეთისცხება ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებელია. შვიდი ზეთისცხების დროს იკითხება შვიდი ფრაგმენტი სახარებიდან. ამ დროს ტაძარში მისული მრევლი კელაპტრით ხელში უსმენს მსახურებას. 
გადმოცემის მიხედვით, შვიდგზის ზეთის ცხება VI საუკუნემდე სახლებში სრულდებოდა, ხოლო შემდეგ ტაძრებში. ზეთის კურთხევის საიდუმლო საქართველოში და სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც დიდმარხვაში სრულდება, ნიშნად სახარებისეული პრინციპისა : "მარხვის დღეებში იცხე ზეთი და დაიბანე პირი, რათა არა ეჩვენო მმარხველად კაცთა"... თუმცა, მისი შესრულება საეკლესიო წლის ნებისმიერ დროს არის ნებადართული.

ზეთის კურთხევის საიდუმლოში, ზეთი არის ეკლესიის ლოცვის და იმავდროულად ავადმყოფზე გარდამომავალი საღმრთო წყალობის სიმბოლო. ღვინო და ზეთი სნეულების განმკურნებელი მადლის სიმბოლოებიც არის. როგორც ცნობილია, ძველად ამ ორივე ნივთიერებას ჩვეულებრივ იყენებდნენ მედიცინაში, ითვლებოდა, რომ ღვინო ჭრილობების დეზინფექციას ახერხებდა, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (იგავი მოწყალე სამარიტელზე ამის თვალსაჩინო მაგალითია).
ადრე სნეულთან შვიდი დღის განმავლობაში მიდიოდა სასულიერო პირი და შვიდგზის აცხებდა ზეთს, შესაბამისად სახარებიდან და სამოციქულოდან სხვადასხვა ადგილების წაკითხვა შვიდჯერ ხდებოდა. ამ ტექსტებს შორის ზოგიერთი თემატიკა ზეთს უკავშირდება, ასევე ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი.

ზეთისცხება მორწმუნე, მაზიარებელ და აღმსარებელ ადამიანზე აღესრულება, რომელიც რაიმე სნეულებით არის დაავადებული, სულიერი თუ ფიზიკური, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ბავშვი სნეულია და მოძღვარი ჩათვლის საჭიროდ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია.

სასულიერო პირთა განმარტებით, ,,კონკრეტულად ზეთისცხებაზე აკრძალვა არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არც მარხულობენ, არც აღმსარებლები არიან, მაგრამ ზეთისცხება უნდათ. ეს დამოკიდებულება არ არის სწორი. ამიტომ ვეუბნებით ჩვენ მათ, რომ აუცილებელია ეზიარებოდნენ და სახარებას კითხულობდნენ. ამის შემდეგ ექნება ზეთისცხებას მაკურნებელი ძალა".
შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმიდანებს. იმავდროულად, იკურთხება ზეთი და ღვინო, რომლებიც ერთმანეთში ირევა და შემდეგ მორწმუნე მრევლს „შვიდგზის აცხებენ შვიდ ალაგას"- შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე.

ახალციხის ტაძრებში შვიდგზის ზეთისცხება ხუთშაბათს - წმ. შალვა ახალციხელის ტაძარში,
პარასკევს - რაბათში, წმ. მარინეს სახელობის ტაძარსა და
კვირას ამაღლების სახელობის ტაძარში - 17 :00 სთ-ზეა შესაძლებელი.

| Print |