რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
დიდმარხვის მესამე კვირიაკეს ტაძრებში ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება.

ჯვრის თაყვანისცემის დღეს, ყვავილებით შემკული ჯვარი ტაძრებში შუა ადგილას არის დაბრძანებული.

მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა 326 წელს მიეცათ.

რომის წარმართმა იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა.

კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!". უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა". მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა მოხუცებული დედა - კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის.

დედოფალი ელენე დიდხანს ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შე-ეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. საბოლოოდ, უხუცეს იუდასგან იპოვა მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე.

რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ", კრძალვით თაყვანს სცემდა მას.

წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).

ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული ახალი სტილით 27 სექტემბერს დაწესდა.
| Print |