რელიგია
კათოლიკური სამყარო ხარებას აღნიშნავს
25 მარტს, კათოლიკე ეკლესიაში ხარების დღესასწაულია. ტაძრებში წმ. წირვა აღევლინება. უფლის ხარება ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა წმინდა წერილში.  

ხარების დღესასწაული დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალურად დადგენილი არ იყო. აღმოსავლურმა ეკლესიებმა მისი აღნიშვნა V საუკუნეში დაიწყეს, ხოლო კათოლიკე ეკლესიამ VII საუკუნეში. თავდაპირველად, მთავარი აქცენტი გაკეთდა ქრისტეს პიროვნებაზე, რომელიც განკაცდა ხარების დროს, ამიტომ ამ დღეს, უფლის ხორცშესხმას სცემდნენ თაყვანს.

მოგვიანებით, ამ დღესასწაულმა მიიღო უფრო მეტად მარიანული ხასიათი და დღესასწაულზე პატივს მიაგებდნენ ღვთისმშობელს, როგორც ღვთის ჩანაფიქრის განმახორციელებელს. სწორედ მის სახელზე აშენდა IV საუკუნეში ხარების ტაძარი. ტერიტორია სადაც ტაძარი დგას, ის ადგილი უნდა ყოფილიყო, სადაც ოდესღაც მარიამის სახლი იყო.

ხარებამ შექმნა ორი სპეციალური ლოცვა, რომელიც დაკავშირებულია გაბრიელის მიერ მარიამისთვის გამოცხადებულ ამბავთან. ეს არის ე.წ. "AVE MARIA" („გიხაროდენი“) და "ანგელოზის ლოცვა".

პირველი მათგანი, "გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ", განსაკუთრებით „სავარდის“ წყალობით გავრცელდა. მორწმუნეები ამ ლოცვას 150–ჯერი მეორებენ.

მეორე – "ანგელოზის ლოცვა" კი, შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს; დილის, შუადღისა და საღამოს საათებში ისმოდა ზარების სამჯერ რეკვა, რისი წყალობითაც ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საათი, შეეძლოთ გაეგოთ რომელი საათი იყო. რადგან ანგელოზის ეს ლოცვა კონკრეტულ საათებში იკითხებოდა.

უფლის ხარების დღესასწაული 25 მარტს, იესოს შობამდე ზუსტად ცხრა თვით ადრე აღინიშნება. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი აცხადებს, რომ ეს თარიღი არ არის დაკავშირებული შობის თარიღის ცხრათვიან ინტერვალთან. მათი მოსაზრებით, ძველად მარტისა და აპრილის შემობრუნება იყო ძალიან სპეციფიკური პერიოდი, რადგან ის ასოცირდებოდა პასექთან და შესაბამისად, ახალი ცხოვრების დასაწყისთან. ამ მიზეზით, ხარების დღესასწაული იმ დროს ასახავდა ქრისტეს განკაცებას დედამიწაზე.

ტერმინი „ხარება“ განიმარტება, როგორც მთავარანგელოზ გაბრიელის ვიზიტი მარიამთან, რომელმაც ამცნოს მას ამბავი, რომ არჩეული იყო ღვთის დედად.
| Print |