რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია, 25 მარტს, დემეტრე თავდადებულს იხსენებს
დემეტრე II-ის დროს ქვეყანა ეკონომიურად დაქვეითებული და დასუსტებული იყო, მონღოლური გადასახადები წელში წყვეტდა ისედაც ღარიბ მოსახლეობას, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები. მეფე დემეტრეს აწუხებდა ხალხის ასეთი რთული მდგომარეობა. იგი ხშირად ღამით გარეთ გამოდიოდა და მოწყალებას იძლეოდა.

ახალგაზრდა მეფე ყველა ხერხს ხმარობდა, რათა ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოეყვანა. ერთ-ერთი ასეთი გზა იყო მონღოლებისათვის თავი ერთგულად ეჩვენებინა. მეფე დემეტრე უსიტყვოდ ემორჩილებოდა მონღოლებს და მონაწილეობდა გაუთავებელ ლაშქრობებში. XIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ილხანთა სახელმწიფო შინაომებმა მოიცვა, ამ ომებში საქართველოც ძალაუნებურად იქნა ჩართული. დემეტრე II ყაენის კარზე დაიბარეს. მეფემ მოიწვია დარბაზის სხდომა და დარბაზის წევრებს ამცნო რომ ყაენი მას იბარებდა და სიკვდილი არ ასცდებოდა.

თუ არ წავიდოდა მონღოლები ქვეყანას ააოხრებდნენ. დარბაზის წევრებმა ერთხმად ურჩიეს რომ არ წასულიყო და თავი მთიულეთისთვის ან დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინა, მაგრამ დემეტრემ მტკიცედ განაცხადა ,,მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლას”.

დემეტრე II-ემ თავისი სიცოცხლის გადასარჩენად ქართველი ერის უკიდურეს განსაცდელში ჩაგდება არ მოისურვა და ამით აუცილებელი განადგურება თავითგან ააშორა. ამიტომაც არის, რომ საქართველოში უკვე იმავე ხანაში დემეტრე II-ეს თავდადებულის სახელი მიაკუთვნა.

დემეტრეს წმიდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.

წმიდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, „სამარხოსა მამათა მათთასა“.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა.
| Print |