რელიგია
საძინებელში რასაც იტყვით, ერდოზე იქადაგებაო, მე მგონი ვბრუნდებით ამ ეპოქაში - მეუფე ნიკოლოზი
პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყებაში გამოძიების შედეგების მიხედვით, მუხლის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.

მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტს ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მეუფე შიო კი არა, ყველანი შეიძლება მოგვწამლონ და გვწამლავენ კიდეც ამ ინფორმაციით, ისევე როგორც ადრე პატრიარქზე გავრცელდა. მე არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ წარმოუდგენელი რამ მოხდა მაშინ. პრემიერმინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ პატრიარქი მოწამლეს და 24 საათის შემდეგ იგივე არხზე გამოდის და თქვა, რომ გადავრჩით, არ მოუწამლავთო. ეს არის დღევანდელი სიტუაციის გასაღები.

ეტყობა საზოგადოება მოდუნდა ძალიან და ფორმაში, რომ ვიყოთ დროდადრო ამ შხამს, ინექციას გვიკეთებენ. შხამის ეფექტი ეს არის, რომ ცნობიერებაში ილექება. ჩვენ ვცხოვრობთ დღეს ისეთ დროში, სადაც შეიძლება მოწამლონ პატრიარქი, პატრიარქის მოსაყდრე და ნებისმიერი ადამიანი.. ალბათ იმიტომ, რომ ცოტა შიში გვქონდეს. ეტყობა ეს დესაკრალიზაციის პროცესია.

ეს არის ის საზოგადოება, სადაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას აზრი აქვს, ეს ფარული ჩანაწერები ცოტა ხნის წინ იყო დიდი შხამი, რომელიც საზოგადოებას გადმოუგდეს და საზოგადოება მოიწამლა ამ შხამით.

მე შევხვდები მეუფე შიოს და დავრწმუნდები, რომ არ არის ციფრული ობიექტი, თვალებში შევხედავ და ვკითხავ, როგორ არის საქმე და რასაც მეტყვის დავიჯერებ. ის შხამი, რომელიც დღეს მედიასაშუალებებით ვრცელდება, უფრო მომწამვლავია, ვიდრე ის ნივთიერებები, იმ დოზით, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოაჩინეს"
- განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მეუფის განმარტებით, მას ამ დრომდე მეუფე შიოსთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მისივე თქმით, პრობლემაა ორი მიმართულებით იკვეთება.

,,როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მაშინვე დავრეკე მეუფე შიოსთან და რა თქმა უნდა არ მიპასუხა და მეც ასე მოვიქცეოდი. მე ვერ მოვიცალე, რომ ჩავიდე და შევხვდე მეუფეს, ტელეფონით კი ასეთ თემაზე არ უნდა ესაუბრო. არ ვენდობი სატელეფონო კომუნიკაციას კი არა, ყველამ იცის, რომ ეს მოსმენები ქვეყნდება პერიოდულად. საჯარო ინფორმაციაა, ხელმისაწვდომი.

სხვათაშორის სახარებაში წერია, რომ საძინებელში რასაც იტყვით, ის ერდოზე იქადაგებაო. ნელ-ნელა ვბრუნდებით ამ ბიბლიურ ეპოქაში და მეორე, ტელეფონით მაინც შეუძლებელია ნორმალური კომუნიკაცია. თუ ადამიანს პატივს სცემ და თუ ადამიანი შენთვის ძვირფასია, სჯობს შეხვდე და პირადად დაელაპარაკო, მითუმეტეს როცა ასეთ საკითხზეა საუბარი. ასე რომ არ მქონია მასთან კომუნიკაცია"
.

6 ივლისს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცნობა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრიაქრის მოსაყდრე შიო, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მოწამლეს.

პატრიარქის მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც. ტელეკომპანიის თანახმად, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ“.

| Print |