რელიგია
ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა... ცალსახად დასაგმობია - სინოდი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საერთო პოზიცია ჩამოყალიბა უკრაინასა და ღაზის სექტორში მიმდინარე ომების შესახებ.

სინოდი მიიჩნევს, რომ დასაგმობია როგორც ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა, ასევე, მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა.

„უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა.

დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა... ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი.

ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს“,
- აცხადებს სინოდი.

2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომას გაუძღვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სხდომის მონაწილეთა განცხადებით, სინოდის წევრებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ცალკე არ უმსჯელიათ.
| Print |
თეგები: ომი / სინოდი / ტერორი /