რელიგია
სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
ფოტო არქივიდან

11 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტში სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,
ზარზმობა"
აღინიშნება. წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოფელი ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. დასრულების შემდეგ სოფელ ზარზმაში ადგილობრივი შემსრულებლები საზეიმო ღონისძიებას გამართავენ.

ყოველი წლის 11 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო
სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, სადაც მონასტერი სწორედ წმინდა სერაპიონის თაოსნობით აშენდა. წმინდანის ხსენების დღეს მრევლი ზარზმაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იკრიბება.

წმინდანი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მას ორი ძმა ჰყავდა. დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ, მცირეწლოვან იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში, მიქაელ პარეხელთან
მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით მღვდლად იკურთხა. სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის ასაშენებლად და თან წაიღეს ფერისცვალების ხატი, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ.

იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისთვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის
ტიპიკონი. სერაპიონმა და იოანემ ყველის ხევში, ადგილობრივ მკვიდრთა თხოვნით და დახმარებით ააგეს მონასტერი იოვანეწმინდა.

სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით. ზარზმის მესამე წინამძღვრის, პავლეს დროს დასრულდა ახალი ტაძრის მშენებლობა. ამ პერიოდში ზარზმაში მოვიდა ბასილი, სერაპიონის უფროსი ძმის შვილი. ცნობები სერაპიონ ზარზმელის შესახებ დაცულია მისი ძმისწულის, ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში". ტექსტმა მოაღწია ერთადერთი XVI ს-ის ხელნაწერით, რომელიც მოსე ჯანაშვილმა აღმოაჩინა და 1909 წელს გამოაქვეყნა.
| Print |