რელიგია
როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი არ დავუშვებ, რომ ვინმეს ლოცვას შეუშალო ხელი - ტარიელ ნაკაიძე
სამხარეო ადმიანისტრაციაში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის წევრმა და მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაზე ისაუბრა. ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს არც ერთ მხარეს ,,არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ის დაჩაგრეს".

,,ქვეყანაში გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც თავისუფლად გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ ადგილზე შევასრულოთ ლოცვა. ეს არ არის აკრძალული. ჩვენი დღევანდელი დათმობის ერთგვარი ნაწილიც ეს იყო, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება. მინდა მოვუწოდო ორივე მხარის მრევლს, რომ ამ პარასკევს თავი შეიკავონ ამ ტერიტორიაზე მისვლისგან, ლოცვა შესრულდება, რადგან ლოცვის პრობლემა არ არის.

სახელმწიფომ გვითხრა, რომ ერთკვირიანი ვადა სჭირდება, რომ დაალაგოს ეს თემა. ის ვალდებულებას იღებს, რომ დაალაგებს მართლმადიდებლებთანაც, დაალაგებს თვითონ სახელმწიფო რა პირობით უნდა მოხდეს საბოლოოდ თავისი შედეგები. ჩვენ რა თქმა უნდა მომხრე ვართ იმისა, რომ არ იყოს დაძაბულობა, განცდა იმისა, რომ ვიღაცამ წააგო, ვიღაცამ მოიგო. ჩვენ ყველა ქართველები ვართ და ვცდილობთ, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურად და მშვიდობიანად ვიცხოვროთ. მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი არ დავუშვებ, რომ ვინმეს ლოცვას შეუშალო ხელი.

რაც მოხდა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ფაქტი, არ იყო სწორი დამოკიდებულება იმ ადამიანებისა, რომლებმაც პრაქტიკულად ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენეს პრაქტიკულად საკუთარ მეზობლებს, თუმცა სახელმწიფო იმისთვის ვართ, რომ მოქალაქეების არსებული პრობლემები მოვაგვაროთ სამართლებრივ ჭრილში. არ დავჩაგროთ არც ერთი და არც მეორე მხარე და არ მივცეთ საშუალება იმას, რომ ყოველდღიური ჩოჩქოლი იყოს და ყოველდღიური არასტაბილურობის განცდა"
- განმარტა ტარიელ ნაკაიძემ.

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |