რელიგია
პარასკევის აქცია გადადებულია - ნოდარ ბერიძე ხულოდან

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ ერთი კვირის ვადა ითხოვა. სწორედ ამიტომ, ადიგენის მუსლიმი თემის მხარდასაჭერად პარასკევს დაგეგმილი აქცია გადაიდო - ამის შესახებ ხულოს წარმომადგენელმა ნოდარ ბერიძემ განაცხადა.

შეხვედრიდან გამოსულმა მუსლიმმა თემმა და ადიგენის მერმა მედიასთან განაცხადეს, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ შეთანხმება შედგა. მრევლს თავშეკავებისკენ თეოლოგმა მერაბ მიქელაძემაც მოუწოდა.

,,ყველაფერი ნაყოფიერად იყო, ხელისუფლებამ მოგვცა ერთკვირიანი დრო, რა დროსაც დაალაგებენ ყველა იმ სიტუაციას, რომელიც სიმწვავეს იწვევს. მინდა ასევე მივმართო მხარეებს, რომ ყველამ შევიკავოთ თავი მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის“ - აღნიშნა თეოლოგმა მერაბ მიქელაძემ, ვის სახლში ლოცვის გამო დაიწყო კონფლიქტი მხარეებს შორის. 
დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |