რელიგია
18 მარტიდან მართლმადიდებლებისთვის დიდმარხვა დაიწყო
18 მარტს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი მარხვა იწყება. მრევლი 48 დღის განმავლობაში ლოცვითა და მარხვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადება.

მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ აღევლინება. სრულდება მხოლოდ საეკლესიო წესის მიერ დადგენილი სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება ხორბალი, ხოლო შაბათს თეოდორე ტირონის ხსენების დღეს აღევლინება წირვა.

დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარების, ლაზარეს შაბათისა და ბზობის დღესასწაულებზეა. პირველ და ბოლო კვირას მორწმუნეები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის კურთხევის მიხედვით, მძიმე მარხვას ინახავენ, რა დროსაც ზეთიანი საკვების მიღება იკრძალება.

დიდმარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელსაც მართლმადიდებელი მრევლი წელს 5 მაისს აღნიშნავს.
| Print |