რელიგია
კათოლიკე და სომხური თემი ბზობას დღესასწაულობს
დღეს, 24 მარტს, საქართველოს კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს.

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე, დიდმარხვის მეექვსე კვირას აღინიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად, ტაძრებში აღევლინება წმ. წირვა და იკურთხება ბზის ტოტი. ბზობის დღესასწაული აღინიშნა არლის კათოლიკურ ეკლესიაშიც.

,,ბზის რტოები, ტრადიციულად, "ირმის ეკლესიაში" იკურთხა, შემდეგ კი მსვლელობით მრევლი წმ. იოსების სახელობის ტაძრისკენ გაემართა, სადაც სამრევლოს წინამძღვარმა მამა დარიუშ კომადოვსკიმ წმ. წირვა აღავლინა" - წერს არლის კათოლიკური სამრევლო.
ბზობა, ანუ ბაიაობა მოძრავი დღესასწაულია და აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება სრულდება.

ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაულის აღნიშვნა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა. იგი საწყისს ძველი ებრაული დღესასწაულიდან იღებს. ბზობის შინაარსი დაფუძნებულია სახარების იმ ნაწილზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.

სახარების მიხედვით მაცხოვარს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოს, ზოგი კი პალმის ტოტებს– ბაიას უფენდა და ოსანას შესძახოდა.

ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს და ამიტომ მღვდელმასხურნი მლოცველების მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხხებენ და „ოსანას“ გალობენ. მრავალ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა და ტირიფი ასრულებს.
| Print |
თეგები: ბზობა / კათოლიკე /