რელიგია
გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ სურვილი იქნება ორივე მხრიდან - ზაზა ვაშაყმაძე
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაცია, ადიგენის მერია და მუსლიმი თემი ესწრება. შეხვედრაზე მიწვეული არ არის ქრისტიანი მხარე. ადიგენში, 8 მარტს შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება შეხვედრების მეორე რაუნდს მართავს. პირველი შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა, 13 მარტს სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა.  მაშინ შეხვედრიდან გამოსულმა მუსლიმმა თემმა და ადიგენის მერმა მედიასთან განაცხადეს, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ შეთანხმება შედგა. მრევლს თავშეკავებისკენ თეოლოგმა და სახლის პატრონმა მერაბ მიქელაძემაც მოუწოდა.

დღეს გამართულ შეხვედრაზე, რა საკითხებს განიხილავენ და კონკრეტულად რა შეთავაზება ექნება სახელმწიფოს მუსლიმ თემთან, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ,,შეთანხმების შემთხვევაში გადავალთ კონკრეტულ ნაბიჯებზე".

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |