რელიგია
ადიგენში მართლმადიდებლების მშვიდობიანი აქცია გაიმართა
ადიგენში, მართლმადიდებლების მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც სასულიერო პირებთან ერთად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა. ზარზმის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ნიკოლოზის განცხადებით, აქციის მონაწილეები მიესალმებიან მერაბ მიქელაძის გადაწყვეტილებას, რომელიც სახლში საყოველთაო ლოცვების ჩატარების შეწყვეტას გულისხმობს.

მამა ნიკოლოზმა ერთის მხრივ მუსლიმ თემს მოუწოდა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სახლი მერიას გამოესყიდა ობოლი და მიუსაფარი მოსახლეობის თავშესაფრისთვის, ხოლო ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა, რომ რელიგიის შესახებ კანონში ცვლილება შევიდეს, რათა ნებისმიერ ადამიანს საცხოვრებელი სახლის სხვა დანიშნულებით გამოყენება საჭირო ნებართვების გარეშე არ შეეძლოს. ამისთვის მართლმადიდებლებმა ხელისუფლებასა და მუსლიმ თემს ერთთვიანი ვადა მისცეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ელვარდ ზაზაძე იმედოვნებს, რომ დღევანდელი აქციისა და მუსლიმი თემის ლიდერების გადაწყვეტილების შემდეგ, მოლაპარაკებები უკვე კონსტრუქციულად წარიმართება. მერაბ მიქელაძემ და სამცხე-ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ საზოგადოებას ბაირამობა მიულოცა და ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მეჩეთადქცეულ სახლში ლოცვები აღარ ჩატარდებოდა.
| Print |