რელიგია
უწმინდესმა ძალიან მოკლედ, ორ წინადადებაში გადმოსცა თავისი ხედვა ჩიხიდან გამოსვლისა - მეუფე თეოდორე

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მართლმადიდებლები განსაკუთრებულად ეგებებიან უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) ჩაატარა.

მეუფე თეოდორემ სააღდგომო ლიტურგიის ბოლოს მრევლს უქადაგა. სინოდის წევრმა პატრიარქის ეპისტოლე განმარტა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ ქართველ ხალხს იმ ჩიხიდან გამოსვლის ხედვა შესთავაზა, რომელშიც ბოლო პერიოდში ხელისუფლება და ახალგაზრდები შევიდნენ.

,,უწმინდესმა ძალიან მოკლედ, ორ წინადადებაში გადმოსცა თავისი ლოცვა-კურთხევა და ხედვა იმ ჩიხიდან გამოსვლისა, რომელშიც ჩვენ შევედით. მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, თითოეულ ჩვენთაგანს, გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული. ჩვენ ვერთიანდებით სამშობლოს სიყვარულში და მიუხედავად განსხვავებული აზრებისა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ეს არის მთავარი არსი ცხოვრებისა. მიუხედავად განსხვავებებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს სამშობლოს სიყვარულში, მაგრამ არც ერთს არ აქვს სამშობლოს ღალატში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სამშობლოს სიყვარულში და უნდა ვთხოვოთ უფალს მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა უკრაინაში და მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ჩადებული იმ ორ წინადადებაში, რომელიც ეპისტოლეს ბოლოს იყო და მასში დიდი სიბრძნეა.

ისევე როგორც ეს სიბრძნე აქვს ჩადებული ილია ჭავჭავაძეს, როდესაც თქვა - ენა, მამული, სარწმუნოება. ეს სამი სიტყვა, სამი მცნება მოიცავს ქვეყნის სიყვარულს, რწმენის სიყვარულს და ერთმანეთის სიყვარულს. და თქვა კიდევ სამი რამ - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი"
- აღნიშნა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.

საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.

ვიდეო: გიორგი მოდებაძე
| Print |