ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამღვდელოება და მრევლი ამაღლების ტაძართან შეიკრიბა
12:36 / 17.05.2024
ფოტო: გივი გოგოლაძე
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობები იმართება.
ახალციხეშიც, 12:00 საათზე ლოცვითი მსვლელობა ახალციხის ამაღლების სახელობის ტაძრიდან წმ. შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრისკენ დაიწყო.
ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი დედაკაცისაგან და მამაკაცისგან შედგება და ეს არის საფუძველი სიყვარულისა და სიმტკიცისა.
სამღვდელოება და მრევლი ქაშუეთის ტაძარშიც შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც სამების ტაძრისკენ მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის ბოლოს, შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
დედაქალაქთან ერთად, მსვლელობები მოეწყობა მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და რაჭა ლეჩხუმში. მთავრობის დადგენილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.