ახალციხეში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა (ფოტორეპორტაჟი)
15:29 / 17.05.2024
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ახალციხეშიც, 12:00 საათზე ლოცვითი მსვლელობა ამაღლების სახელობის ტაძრიდან წმ. შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრისკენ დაიწყო. ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი დედაკაცისაგან და მამაკაცისგან შედგება და ეს არის სწორედ საფუძველი სიყვარულისა და სიმტკიცისა. ოჯახის სიწმინდის დღე პატრიარქის კურთხევით 2014 წელს დაწესდა და მეათე წელია ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ,,დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა და მრევლს მიმართა.