რელიგია
როდის იწყება პეტრე-პავლობის მარხვა წელს
ეს კვირა მსგეფსია, ანუ ამ კვირის ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა არ არის. პირველ ივლისს კი პეტრე-პავლობის მარხვა იწყება. ის სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება და 12 ივლისს მთავრდება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. წელს ის თორმეტ დღიანია.

ეს წმინდა მოციქულთა სახელობის მარხვაა, რომელიც პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია — პეტრე-პავლობის მარხვა.

საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).

პეტრე-პავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.

პეტრე-პავლობის მარხვა, დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით, მსუბუქი მარხვაა. ხსნილია თევზით.
| Print |