რელიგია
სომხური ეკლესია იესო ქრისტეს ფერისცვალებას აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ვარდავარს - იესო ქრისტეს ფერისცვალებას ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ფერისცვალება უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ". ვარდავარი სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლმა ეკლესიის ეზოში ტრადიციული წყლის შესხურების რიტუალი შეასრულა.
,,ვარდავარის" ანუ ფერისცვალების დღესასწაულს საფუძვლად სახარებისეული ეპიზოდი დაედო, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტე თავის სამ მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა. დღესასწაულზე ბავშვები ბოთლებს წყლით ავსებენ და ერთმანეთს ასხამენ. მათთვის წუწაობა რელიგიური დღესასწაულის - "ვარდავარის" ყველაზე სახალისო ნაწილია. წყლის შესხმით მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ, წყალი ამავდროულად საღვთო მადლს აღნიშნავს.

მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხამენ ერთმანეთს, სამკურნალოა და იღბლისა და კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, გაწუწულს უფლება არ აქვს, გაბრაზდეს. პირიქით, მადლობაც კი უნდა გადაუხადოს მიმლოცველს. საუკეთესო შემთხვევაში მიმლოცველიც უნდა გაიწუწოს.

ვარდავარი სომხების უსაყვარლესი საზაფხულო დღესასწაულია. თარიღი აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. თუმცა, ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული.
| Print |