რელიგია
არ შეიძლება ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ვცემოთ და ან კიდევ სასიკვდილოდ გავიმეტოთ - მიტროპოლიტი თეოდორე
არც ევროპა და არც რუსეთი ღმერთთან არ მიგვიყვანს თუ ჩვენ ვიცხოვრებთ არასწორად, თუ ჩვენ ვიცხოვრებთ ცოდვებში, თუ კი ჩვენ ვიცხოვრებთ უზნეოდ და თუკი ჩვენ ერთმანეთი არ გვეყვარება - აღნიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ძალადობის, ცემისა და ადამიანის სასიკვდილოდ გამეტების შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადამიანების უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

,,ძალიან მიკვირს როდესაც დღეს გამოდიან მორწმუნე ადამიანები, სასულიერო პირები და იძახიან - ზოგს ევროპისკენ უნდა, ზოგს - რუსეთისკენ, ზოგსაც ჩინეთისკენ და ა.შ. ჩვენი გზა და სურვილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი - ღმერთთან უნდა გვინდოდეს და ღმერთში უნდა გვინდოდეს, თორემ არც ევროპა და არც რუსეთი ღმერთთან არ მიგვიყვანს თუ ჩვენ ვიცხოვრებთ არასწორად, თუ ჩვენ ვიცხოვრებთ ცოდვებში, თუ კი ჩვენ ვიცხოვრებთ უზნეოდ და თუკი ჩვენ ერთმანეთი არ გვეყვარება. თუ კი ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით, არ დავიცავთ, თუ კი შეურაცხყოფას მივაყენებთ და სიკვდილისთვის გავიმეტებთ, მნიშვნელობა არ აქვს რა სიკეთეს ემსახურება ეს ჩვენი დავალება"- აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

მღვდელმთავარი იმასაც აღნიშნავს, რომ თუკი ადამიანები უფლის სრულყოფილ ქმნილებას - ერთმანეთს არ შეიყვარებენ და უდიერად მოექცევიან ერთმანეთს, სიკეთე არ იქნება.

,,უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა არის ყველა მხრიდან, ძალადობა არის პატარა ადამიანიდან დიდზეც და დიდი ადამიანის მხრიდან პატარაზე. არ შეიძლება ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მითუმეტეს ან გავლახოთ ან ვცემოთ და ან კიდევ სასიკვდილოდ გავიმეტოთ ერთმანეთი.

ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ ჩვენ ადგილზე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ასე არ ხდებოდეს. ჩვენ, ყველას შეგვიძლია ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ თავისუფლად, მაგრამ არ უნდა გავცდეთ იმ ნორმებს, რომელიც უკვე სხვა ადამიანის დამცირებას, შეურაცხყოფას და ჯანმრთელობის დაზიანებას ეხება. ამას უფალი არ გვაპატიებს და ამის გამო აუცილებლად დავისჯებით.

ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ მოგვცეს კეთილგონიერება და ძალა, რომ პირველ რიგში ჩვენში იყოს ღმერთი. საქართველოს ამაზე ბევრად რთული და ცუდი მომენტი ჰქონია, ამაზე ბევრად მძიმე ვითარებაში ყოფილა, მაგრამ გამოუყვანია ჩვენი სამშობლო და დღესაც ვარსებობთ ჩვენ, ვსაუბრობთ ჩვენ ენაზე და უფალი არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა განადგურდეს“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

| Print |