საზოგადოება
დღეს პატრიარქი 770-ზე მეტ ბავშვს მონათლავს
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს პატრიარქისგან საჩუქრად ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20.00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
| Print |