რელიგია
გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა
მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი თამაზ ლომიძე ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში მოღვაწეობს. მისივე ინფორმაციით, ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის დროებით მმართველად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II–მ 9 თებერვალს დაადგინა.

დეკანოზმა თამაზმა გაავრცელა ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დანიშვნის შესახებაც, რასაც მისი და ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ საქართველოს პატრიარქს სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებით მიმართეს და ეს გადაწყვეტილება მრევლისა და სამღვდელოებისათვის საზიანოდ მიიჩნიეს.

გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოების განცხადების საპასუხოდ, ბორჯომელმა მრევლმა მიტროპოლიტ სერაფიმეს მხარდასაჭერად აქცია გამართა. აქციის დღეს მიტროპოლიტმა წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობდა.

რაც შეეხება მიტროპოლიტ გერასიმეს, იგი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარეა. ბერად 1997 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტის ხარისხი 2007 წელს მიიღო. ამავე წელს მეუფე გერასიმე წმიდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა.

| Print |