დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლა იზეიმა, რასაც ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ.
იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში შეკრებილი მრევლი, საზეიმო წირვას დაესწრო და მეუფის ქადაგება მოისმინა. მორწმუნეებს ნაკურთხი ბზა დაურიგეს და დღესასწაული მიულოცეს. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას ადამიანებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!"