რაბათის წმ. სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში დიდი ხუთშაბათი აღნიშნეს
22:36 / 13.04.2017
სომხურ სამოციქულო და მართლმადიდებლური ეკლესიების გარდა დიდი ხუთშაბათი აღინიშნა რაბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარშიც.
ეკლესიის წინამძღვარმა მრევლს უფლის მიერ 12 მოწაფისთვის ფეხის დაბანა, საიდუმლო სერობა და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა შეახსენა.
სერობის დროს როცა ეშმაკმა გულში ჩაუდო იუდას, რომ გაეცა იგი, იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მისცა ხელთ. რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის – განმარტა ტაძრის წინამძღვარმა ქადაგებისას. მამა ფილიპემ ყურადღება გაამახვილა ფეხთბანვაზეც და მრევლს უფლის მიერ ჩატარებული რიტუალის შესახებ წაუკითხა.
ტაძრის წინამძღვრის თქმით, მას შემდეგ რაც სიმონ–პეტრემ უფალს ხელისა და თავის დაბანაც სთხოვა, მაცხოვარმა მიუგო, რომ უკვე განბანილს, დაბანა აღარ სჭირდება. "თქვენ სუფთანი ხართ, ოღონდ არა ყველა". ამით იესო ქრისტემ იუდაზე მიანიშნა.
წელს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 16 აპრილს ზეიმობს.