რელიგია
12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც ანდრია პირველწოდებულმა ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა და პირველი კათედრა ჩამოაყალიბა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.

დღეს ასევე XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, სასულიერო პირების და სხვების) ხსენების დღე აღინიშნება.

| Print |