რელიგია
კომისიის გადაწყვეტილებას მოხელი მუსლიმები განცხადებით ეხმაურებიან
მოხეში მცხოვრები მუსლიმი მრევლი სადავო შენობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. სოციალურ ქსელში განთავსებულ წერილში მუსლიმები დადგენილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობა სოფელში არავის მოუთხოვია. ისინი ლოცვას კვლავ ღია ცის ქვეშ აგრძელებენ.

"სოფელ მოხის მუსლიმი თემი შევიკრიბეთ და ავღნიშნავთ, რომ რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან შექმნილმა, ეგრეთ წოდებული მოხის მეჩეთის წარმომავლობის დამდგენმა კომისიამ ა/წლის 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გამოავლინა თავისი სახე და დაადასტურა ადგილობრივი მოსახლეობის მრავალგზის გამოთქმული ვარაუდი, რომ სახელმწიფოს არ უნდა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა და ადგილობრივი მუსლიმების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღსანიშნავია, რომ თავიდანვე კომისია შეიქმნა არსებული ნახევრად დაშლილი შენობის წარმომავლობის დასადგენად, კომისიამ კი ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეა წამოჭრა, რაც არანაირად არ იყო ადგილობრივების მოთხოვნა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მოსახლეობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ კომისიას საჯაროდ უნდობლობა გამოუცხადა.

გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, მოხის მუსლიმი თემი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, კატეგორიულად აპროტესტებს ყოფილი მეჩეთის ისტორიულ სადავო საკულტო ნაგებობად დაკონსერვებასა და ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეას, აგრძელებს ღია ცის ქვეშ ლოცვის რიტუალის შესრულებას, მანამ, სანამ სახელმწიფო არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ისტორიულ სალოცავს არ დაუბრუნებს ადგილობრივ მუსლიმებს რელიგიური რიტუალების შესასრულებლად" - ნათქვამია განცხადებაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სოფელში ახალი მეჩეთი ცენტრიდან დაახლოებით 50 მეტრში აშენდება. სადავო შენობა კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხედამხედველობის ქვეშ გადავიდა.
| Print |