რელიგია
,,უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს"– ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ცენტრში საგვარეულოს წარმომადგენლებთან და მრევლთან შეხვედრა გამართა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ კი ილია მეორემ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. 

შეხვედრაზე უწმინდესმა ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე შექმნილი ჯგუფების ხელმძღვანელად დაადგინა. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხზე შექმნილი ჯგუფები იმუშავებენ სასულიერო აკადემიასთან, საპატრიაქროს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტთან და გამწვანების ინსტიტუტთან.

პატრიარქმა ასევე დაადგინა, რომ ყოველ შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვეყნისთვის პრობლემატურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართება სამების ახლგაზრდულ ცენტრში. უწმინდესმა აღნიშნა, რომ შემდგომი შეხვედრა 7 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება.

„მოვამზადოთ საკითხები შემდგომ შაბათს, 10:00 საათზე შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. ძალიან მომწონს თქვენი აზრები და მსჯელობა. ჩანს, რომ იცნობთ კიდევაც ამ საკითხებს“, - განაცხადა უწმინდესმა.

შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე უცხოელებზე მიწის გასხვისების პრობლემაზე, მიწის დამუშავების, მოსწავლეებში შრომის კულტურის დანერგვის აუცილებლობაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და წყლისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის აუცილებლობაზე.

უწმინდესის თქმით, ისეთი ცხოვრება გვაქვს, რომ ადამიანებს შორის არის დაპირისპირება. ერის სულიერმა მამამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემის აუცილებლობაზე და უმადურობის ცოდვაზე ისაუბრა.

„ყველას აქვს თავისი განსხვავებული აზრი და უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სხვისი აზრი განსხვავებულია, შეიძლება ის შენზე უკეთესია. ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უკეთებ სიკეთეს და ის ბოროტად გპასუხობს, უმადურია. უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს. ყოველდღე ადამიანმა მადლობა უნდა შესწიროს უფალს, რომ ცოცხალია, ფეხზე დგას, ოჯახს, ხალხს ეხმარება.

გადავწყვიტეთ, რომ ყოველ შაბათს და არა ხუთშაბათს, 12:00 საათზე იქნება ღვთის სამადლობელი პარაკლისი. თუ ადამიანს არ აქვს დრო, ან რაღაც საქმეებით დაკავებულია, თავისი ლოცვა წაიკითხოს თავის სახლში, სამსახურში, შვილებთან ერთად. 12 საათზე ერი უნდა გამთლიანდეს ლოცვით ღვთის წინაშე. ეს არის პირველი პარაკლისი.

მადლობა შევწიროთ ჩვენ უფალს, რომ ჩვენ ვართ, ვსაქმიანობთ, მადლობა შევწიროთ უფალს ოჯახისათვის, საქართველოსათვის. საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ყოფა. მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

28 სექტემბერს, გამართულ შეხვედრას საგვარეულო კავშირის წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთიდანაც ესწრებოდნენ.

მასალა მომზადებულია ,,მეცხრე არხი"–ს პარტნიორი ტელეკომპანია ,,ერთსულოვნების" მიერ


| Print |