ქრისტეშობამდე აგებულ ციხესიმაგრეებს შორის მე–7 –მე–8 საუკუნეების მთავარანგელოზის სახელზე აშენებული ტაძარი დღეს მომლოცველებს ვერ იტევდა.
ტაძრის დღესასწაული საროში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა და მრევლმა იზეიმა. დღესვე ეპარქიის მიტროპლიტმა ტაძრის გვერდით ახლადაშენებული დედათა სამონასტრო კომპლექსი აკურთხა. სამონასტრო კომპლექსი სოფლის ადგილობრივმა მკვიდრმა ემზარ ასპანიძემ ააშენა.
სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად შეიქმნა პროექტი, რომელიც დამტკიცდა საპატრიარქოს არქიტექტურულ საბჭოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში. სადღესასწაულო წირვას დედათა მონასტერთან არსებული სამრევლო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.
ადგილობრივი მაცხოვრებლები აქცენტს სოფლის გეოგრაფიულ და ისტორიულ მნიშვნელობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო სოფელი ნელ–ნელა იცლება.
სოფელში მიგრაციის თავიდან ასაცილებლად დედათა მონასტერთან არსებული სამრევლო სკოლა მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესს ხელს შეუწყობს – მიაჩნია მონასტრის წინამძღვარს. მონაზონი ანასტასია სოფელში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
სკოლაში, საროსა და მიმდებარე სოფლებიდან მოსწავლეები – ტრადიციულ ხელსაქმეს, რელიგიას, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე გაშენებული სოფელი ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან იხსენიება.