რელიგია
მოსკოვის დელეგაციას მიტროპოლიტი თეოდორე უხელმძღვანელებს
"ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში პატრიარქის

ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) განუცხადა, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთში საზეიმო დღესასწაულში მონაწილეობას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ჯგუფის საკითხზე შეხვედრა იქნება. ჩვენ ამ საკითხს ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეხვედრებზე ყოველთვის დგება. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე", – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

4 დეკემბერს, მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, დელეგაციის წევრები რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრებიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სამი მღვდელმთავრით არის წარმოდგენილი და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა უწმინდესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსკოვში ვერ მიემგზავრება. ვიზიტში მონაწილეობას არ იღებს მისი მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მიწვევა ილია მეორემ თბილისში მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევისგან ერთი თვის წინ მიიღო. ამავე შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები ერთობლივად გეგმავენ მუშაობას.

სავარაუდოდ, გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრების შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, რომელზეც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ.

"ამაში ტრაგიკულს ნუ ვხედავთ თუ ვიღაცა ვიღაცასთან დაილაპარაკებს. გაჩნია რა შედეგები მოყვება, რადგან ჩვენც შევხედავთ, ეს ჯგუფი მარტო არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თვითონ გადაწყვიტონ, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს," - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.



| Print |