სამართალი
სამცხე-ჯავახეთში, პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილეს
ახალციხესა და ახალქალაქში, პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტზე, ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები ამხილეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.

დანაშაულში მხილებულ იქნენ ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები - სულ 11 პირი.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი მოწმის სახით პოლიციაში გამოიკითხა.

დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხეში და ახალქალაქში, დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გასამრჯელოს სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ისინი, ასევე აღნიშნულ „თურქულ ბარებში“ მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადსხვა ასაკის ქალებს პროსტიტუციაში მოტყუებით აბამდნენ.

პროსტიტუციაში ჩაბმის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმას გულისხმობს.

ინფორმაციას და ვიდეომასალას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

| Print |