სამართალი
გირაო ცოლსა და არასრულწლოვანზე ძალადობისთვის
ახალციხეში, ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი დღეს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსმართლე მარიკა ჩიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა და პოლიციელი 5 000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. დარბაზიდან გათავისუფლებულმა პოლიციელმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. შემდეგი სხდომა 20 ივნისს ჩაინიშნა.

ცოლსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, შსს–ოს ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიება ძმებ ბლუაშვილებს არასრულწლოვნის
თანდასწრებით ქალზე განხორციელებულ ძალადობას ედავება. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 13 აპრილს, ორივე მათგანს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. ბლუაშვილების ადვოკატის მტკიცებით, დაზარალებულმა დაწერა განცხადება, რომ არც მეუღლისა და არც მაზლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს. ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ იაკობ ბლუაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ცოლზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. ძმა კი ამტკიცებს, რომ მანქანაში ჩაჯდომის მიზნით, რძალს ხელი მკლავზე მოჰკიდა. ნოდარ აკოფაშვილი ირწმუნება, რომ წინასასამართლოს სხდომამდე შეაგროვებს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დაზარალებული ქალის ქმრისა და მაზლის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან, გოჩა ბლუაშვილიც დღესვე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების ყოფილ თანამშრომელს ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდა და 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
| Print |