სამართალი
ნინოწმინდის საბაჟოზე დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინდა.
ყველა შემთხვევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლოს“, „სარფის“ და „ნინოწმინდის“ გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ჯამში 4,6 კგ ოქროსა და 50,2 კგ ვერცხლის ნაკეთობები.
ხოლო, ერთ შემთხვევაში ბრალდებული, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ცდილობდა მალულად შემოეტანა 277 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული ძვირფასი ლითონის საბაჟო ღირებულება ჯამში 360 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

| Print |