სამართალი
ადვოკატი: ,,მხარეებს აქვთ ვალდებულებები, მათ შორის მერიას"
მოსამართლის გადაწყვეტილებით ვეტერანებს გამოსახლება ემუქრებათ, მერია მათთან მოლაპარაკებებს მართავს.


უზენაესმა სასამართლომ საქმე არ განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

ახალციხის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ჯერ არ აპირებს. ზაზა მელიქიძის განცხადებით, ვეტერანების ოთხი ოჯახი, რომლებსაც გამოსახლება ემუქრებათ, სკოლა-ინტერნატის შენობას ალტერნატიული ფართის გამოძებნამდე არ დატოვებენ.


საქმეში მესამე მხარე – სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების ასოციაციაა, რომელსაც ტერიტორია უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული. ორგანიზაცია ამ ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყებას აპირებს. ადვოკატის თქმით, მერიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოუწევს.

ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა 2016 წლის სექტემბერში დაიკავეს. ახალციხის მერიამ მათი გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პეტრე იბერის #17–ში უკანონოდ მცხოვრები ოჯახების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. ვეტერანებმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ოთხ ოჯახს თავშესაფრის გარეშე ტოვებს.

| Print |