სამართალი
აკაკი ზოიძე: ,,მარიხუანას კვამლი არის კარცეროგენული"
მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უმკაცრესი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს

- აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

„იქ არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. მესამე პირისთვის ზიანის მიყენება უნდა განისაზღვროს. ჩემი ინიციატივა იქნება, 21 წლიდან იყოს ნებადართული მარიხუანას მოწევა და არა, 18 წლიდან. გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს მარიხუანა, სანამ არ დასრულდება გონებრივი განვითარება და ეს ასაკი არის 21 წელი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებას სულ მცირე ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოსთან დაკავშირებით მოქმედებს.

„საუბარია საჯარო ადგილებში მოწევაზე, სადაც მეორე პირს შეიძლება მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კარცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. ამის გარდა კიდევ ვიმსჯელებთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია. ასევე, საჭიროა კონტროლი გარკვეული პროფესიების მიმართ მაგალითად, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას - ექიმი, მძღოლი და ა.შ, რომელთა ყურადღების კონცენტრაცია აუცილებელია“, – აღნიშნა ზოიძემ.
| Print |