სამართალი
შსს: თურქულ მხარეს მეჰმეთ საინის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მოუწოდებია
მეჰმეთ საინს შსს საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება.

მეჰმეთ საინის პრობლემების შესახებ იციან თურქეთის საკონსულოში. თუმცა აცხადებენ, რომ მათ ოფიციალური ნოტა ქართულ მხარეს უკვე გაუგზავნეს და პასუხს ელოდებიან.

,,თურქეთის მხარემ დაწერა ოფიციალური ნოტა საქართველოს საჭირო ორგანოებში და ველოდებით, მათ გადაწყვეტილებას. ქართული მხრიდან არის პრობლემა, პასპორტზე ბეჭედი არ არის დარტყმული, როცა 2016 წელს გავიდა საქართველოდან, რის გამოც საზღვარზე არ უშვებენ. ჩვენ განცხადება დავწერეთ და ველოდებით მათ ოფიციალურ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში ეს არის ჩემი კერძო ნომერი და მეორე ამის მეტი ინფორმაციის მოცემა არ შემიძლია“ – აცხადებენ საკონსულოში.

მეჰმეთ საინმა საკონსულოდან მიღებული დოკუმენტაცია საბაჟოზე ძალოვანებს უკვე წარუდგინა, მიუხედავად ამისა, ოფიციალურ პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მე–16 დღეა ელოდება.

შსს–ში ადასტურებენ, რომ მეჰმეთ საინმა დოკუმენტის ასლი მათ ნამდვილად წარუდგინა, თუმცა აცხადებენ, რომ კანონი ორიგინალს მოითხოვს და არა ასლს.

რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას შსს–ში განმარტავენ, რომ თურქული მხრიდან მათ არც ფოსტით და არც ელექტრონული სახით პასუხი არ მიუღიათ. უფრო მეტიც, შსს–ს განმარტებით, თურქეთის პოლიციის ატაშესთან გაგზავნილია მიმართვა, რათა გადამოწმდეს ინფორმაცია მეჰმეთ საინის შესახებ. პასუხს კი ამდრომდე ელოდებიან.

მეჰმეთ საინის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 344–ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

| Print |