სამართალი
25 ათასი ლარი ლიცენზიის მოსაპოვებლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა

მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს.

“სისხლის სამართალის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფისა და მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

უწყების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

მარიხუანას 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით დასჯადი ქმედება იქნება. აღნიშნული ქმედების განმეორება კი, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება - 25 ათასი ლარი იქნება. მთავრობის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება.

ამ მიმართულებით ცვლილებები “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომლითაც დგინდება აღნიშნული საქმიანობებისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა.

საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი"–ს ინფორმაციით, კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიები 25 ათასი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

| Print |