სამართალი
მსჯავრდებულის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვანო მერაბიშვილი მოწამლეს
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, #9 სასჯელაღსრულების

დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს – - ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2" ავრცელებს.

,,ვიწრო პროფილურ, ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის კლინიკებში პაციენტს გამოკვლევები ჩაუტარდა, დიაგნოზებიც დაისვა და მკურნალობის შესაბამისი კურსიც დაინიშნა, თუმცა მკურნალობა ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ მსჯავრდებულის ადვოკატი ვანო მერაბიშვილის მოწამვლაზე ალაპარაკდა. გიორგი ჩივიაშვილის ვარაუდს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრის შესაძლოა მიზანმიმართულად წამლავენ დასაბუთება სჭირდება, ამიტომ დაცვის მხარე ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით, ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს.

,,ან არასწორად დაუსვეს დიაგნოზი, ან მიზანმიმართულად მიდის არასწორი მკურნალობა. ზუსტად ორი თვის წინ, გაირკვა, რომ მას უჭირდა სუნთქვა. ეს ადამიანი ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა შედეგი არის ნული. როცა თვალი დაპატარავდა, იმის გამო რომ გუგა ჩამოიწია, სახე აქვს შეშუპებული, სუნთქვის პრობლემები აქვს და ფიზიკურად ცუდად გამოიყურება, გვეუბნებიან, რომ ეს არის ერთერთი სიმპტომატიკა იმისა, რომ იგი შეიძლება იყოს მოწამლული. მოვითხოვთ, რომ მოხდეს მისი სისხლის ანალიზების აღება" – აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

უკანასკნელად ვანო მერაბიშვილი ჰოსპიტალიზება 12 სექტემბერს გახდა საჭირო. დიაგნოზში წერია, რომ ვანო მერაბიშვილს სახის მარჯვენა მხარეს ძალიან იშვიათი, თუმცა საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დაავადების მომასწავებელი კლინიკური გამოვლინება ჰორნერის ნიშანი დაუდგინდა – ამის შესახებ P.S - ის ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი საუბრობს.

,,ჰორნერის სინდრომი ეს არის გამოვლინება. დიაგნოზი შეიძლება იყოს ფილტვის მწვერვალის სიმსივნე, შეიძლება იყოს ზურგის ტვინის ან ხერხემლის სიმსივნე, შეიძლება იყოს გულიდან გამომავალი მაგისტრალური სისხლძარღვების პათოლოგია, მაგალითად აორტის ანევრიზმა. შეიძლება იყოს ლიმფური ჯირკვლების გამოხატული ანთება. პაციენტს ჭირდება დამატებითი კვლევა" – აცხადებს ნეიროქირურგი თამაზ კერძევაძე.

ჰორნერის სინდრომის არსებობა, არც იმ ვარაუდს გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შედეგად უარესდება.

ვანო მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე აქვს საპატიმროში ყოფნა მისჯილი. სასჯელის ვადა 2020 წლის თებერვალში იწურება.
| Print |