სამართალი
ნინოწმინდაში მოქალაქემ კუნძული უკანონოდ დაარეგისტრირა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ტბაში მდებარე კუნძული, მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყალბი ცნობა, თითქოსდა მას საკუთრებაში გადაეცა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაშაულში მხილებულმა პირმა, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ტბაში არსებული 1 807 მ2 ფართობის კუნძული.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7 წლამდე ვადით.

ინფორმაციას და ფოტომასალას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

| Print |