სამცხე–ჯავახეთში სომხეთის
რესპუბლიკის ელჩს ელოდებიან. იური ვარდანიანი, 24 აპრილს
ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ
განვითარებულ მოვლენებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და
მოსახლეობასთან განიხილავს.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, ელჩი რეგიონს უახლოეს დღეებში ეწვევა.
24 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევთან მომხდარი დაპირისპირების დროს, ვალეში მცხოვრები 24 წლის ი.ხ. დაჭრეს. იგი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული განყოფილების უფროსის ალექსანდრე მარტინენკოს თქმით, პაციენტს მუცლის არეში ბასრი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, რამაც კუჭის წინა კედლის დაზიანება გამოიწვია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ინციდენტში მონაწილე პირები დაკავებულები არ არიან. შსს–ს ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმე ძიებაშია.
მომხდართან დაკავშირებით ახალგაზრდები დაიკითხნენ, როგორც ვალიდან, ასევე აბათხევიდანაც. პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაკითხვისას პოლიციელები მათ სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა მათ კამერასთან გამოჩენა არ სურთ.
ამ დრომდე არცერთ დაკითხულ პიროვნებას სამართალდამცველების წინააღმდეგ საჩივარი არ დაუწერია.
სამართალდამცველების მიერ ახალგაზრდების ცემის ფაქტზე საუბრობენ ვალის მაცხოვრებლებიც, თუმცა, ოფიციალური კომანტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
“რადგან თქვენამდე მოსულა ეგ ამბავი, ესე იგი მართალიც არის” – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელების მხრიდან ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გენერალურ ინსპექციას მიმართოს.
თიკო კურტანიძე