სამართალი
პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები პირები დააკავეს
რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები ორი პირი დააკავა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, რის გამოც შვილმოკლული მამა მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ. "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია ასევე ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი",
- ნათქვამია ოფიციალურ კორესპონდენციაში.

ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ მისი დედა მივიდა.

“ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს. მე ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს”, - აღნიშნა მარინა ბეგაძემ.
ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია, მისი შვილის, დავით სარალიძს მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა, ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც, არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.
| Print |