სამართალი
ზაზა სარალიძეს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოეხსნა, - ამის შესახებ ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

„ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, სადაც სარალიძე ამ დრომდე რჩება. მას ბრალი წარუდგინეს 353-ე პრიმას პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალს არ ვეთანხმებით, არასწორ ფაქტებს შეიცავს, დამახინჯებულია ფაქტები. საპატიმრო ღონისძიება სასამართლო პროცესამდე მოეხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ პალატის კართან ბადრაგი არ იცავს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ინგოროყვას საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში რჩება.

საქართველოს მთავარი პროკურატურა გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

„ზაზა სარალიძე თავისუფალია. მას ბრალი დღეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს“, - აცხადებენ პროკურატურაში.


| Print |