სამართალი
ავტოავარიის შედეგად დაშავებულების თბილისში გადასაყვანად კატასტროფის ჯგუფებს ელოდებიან
ახალციხე-თბილისის გზაზე, მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულია რვა ადამიანი.

შვიდი მათგანი მიკროავტობუსის, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია.

სასწრაფო სამედიცინო დახმერბის ჯგუფებმა ისინი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძახებულია კატასტროფის ჯგუფი სამი დაშავებულის თბილისში გადასაყვანად.

ექიმების ინფორმაციით, თითქმის ყველა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„დაშავებულები სასწრაფო დახმარების ოთხმა ჯგუფმა გადმოვიყვანეთ. თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება მოტეხილობები, ერთს ბარძაყის ძვლის და მეორე ზემო კიდურის მოტეხილობა ჰქონდა. ასევე აღენიშნებათ დაჟეჟილობები“, - გვითხრა სასწრაფო დახმარების ექთანმა, ეთერ გელაშვილმა.


ავტოკატასტროფას, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს საღამოს მოხდა, ახალციხის მკვიდრის, 50 წლამდე მამაკაცის, მ.თ.-ს სიცოცხლე შეეწირა.

ის მსუბუქი ავტომობილის მგზავრი იყო.

შემთხვევა სოფელ აწყურთან მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“მარკის მსუბუქი ავტომანქანა და „შკოდას“ მარკის მიკოროავტობუსი შეეჯახა.

თვითმხილველების ნაამბობით, ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს დაეჯახა.

„შემთხვევა მოხდა დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის, მიკროავტობუსი ახალქალაქიდან მოდიოდა. მისი მგზავრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები“, - ამბობს თვითმხილველი დავით მოდებაძე.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
| Print |