სამართალი
ნაძვის ხე თუ ადამიანი – პეტიცია შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად
არ მინდა ნაძვის ხე - ინტერნეტში შეიქმნა პეტიცია, სადაც მოქალაქეები ამბობენ, არ სურთ საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის წინ

და მხარს უჭერენ შვილმოკლულ მამების მშვიდობიან აქციას.

პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 5 900-ზე მეტმა მოქალაქემ. ვებ გვერდზე thepetitionsite.com შესაძლებელია, ამ ხელმომწერებს ნებისმიერი მოქალაქე შეუერთდეს.

10 ნოემბერს, შვილმკვდარი მამების მშვიდობიანი აქცია სამართალდამცველებთან შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, რის შედეგად ზაზა სარალიძისა და მისი დედის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

დაპირისპირების მიზეზი კარვების გაშლა გახდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შვილმკვდარი მამები ცდილობდნენ.

მოგვიანებით დედაშვილი კვლავ შეუერთდა აქციას, ამ დროისათვის, რუსთაველზე, პარლამენტის წინ 16 კარავია გაშლილი.

პეტიციას წინ უძღვის მიმართვა მოქალაქეებისადმი.

,,რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!"


| Print |