სამართალი
დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
შპს „კეთილმოწყობის“ ყოფილმა თანამშრომლებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართეს.

მეეზოვე და ორი ელექტრიკოსი სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

დავით ლომიძე ნათენაძის, დიდიმამიშვილის, გამსახურდიას, სააკაძის, რუსთაველის ქუჩების ნაწილებს გვიდა. ის დასუფთავების სამსახურში უწყვეტად 10 წელი მუშაობდა. 31 დეკემბერს მასთან ერთად შპს „კეთილმოწყობიდან“ კიდევ ხუთი მეეზოვე და ორი ელექტრიკოსი გაუშვეს. ყოფილი თანამშრომლების თქმით, ხელმძღვანელები მოკლე განმარტებით შემოიფარგლნენ და უთხრეს, რომ 2019 წლიდან ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდნენ.

„ირაკლი კურტანიძემ დამირეკა და მითხრა, შენი მეუღლე იმუშავებს, შენ ვერაო. თანამშრომლებს უთხრა, სულ არ ვარ ვალდებული აგიხსნა, არ მომწონხარ და გიშვებო. დეკემბრის შუა რიცხვებში გუბერნატორმა საჩუქარი გადმოგვცა, მადლობები გვიხადა, ორი კვირის შემდეგ კი გაგვათავისუფლეს. მე მაგალითად, გასათავისუფლებელ და არაღირს მეეზოვესთან არ მივიყვანდი გუბერნატორს. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ეშინიათ და აღარ ჩივიან. მირეკავენ, ჩემს ამბავს მეკითხებიან და თან ამბობენ, არსად თქვაო. ხალხი დამონებული ჰყავთ“, - ამბობს დავით ლომიძე. ის შიშობს, რომ სამსახურიდან მის მეუღლესაც გამოუშვებენ, რომელსაც იანვარში ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

სამივე გათავისუფლებულს იურიდიულ დახმარებას „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ადვოკატი უწევს. ეკა აბაშიძე ამბობს, რომ შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები უკანონდ გაათავისუფლეს.

„კანონით, თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულება 30 თვის მანძილზე უწყვეტად არის გაფორმებული, ის ითვლება უვადო ხელშეკრულებად“, - ამბობს ადვოკატი.

„დაველოდოთ სასამართლოს და თქვენც ხომ მიხვდებით რა მოხდება“, - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა შპს-ს დირექტორი კობა კურტანიძე.

| Print |