სამართალი
ჭირისუფლის გარეშე დაკრძალული ქალის ცხედარს ექსჰუმაცია ჩუტარდა
80 წლის ქალის ცხედარს ექსჰუმაცია, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, დღეს, 6 თებერვალს, ჩაუტარდა. 28 იანვარს დაკრძალული ქალის საფლავი ათ დღეში ისევ გახსნეს.

შპს "სავანეს" დირექტორი პავლე მაღრაძე tv9news.ge-სთან განმარტავს, რომ მოხუცის ქალის საფლავზე დღეს ,,პოლიციელები, ექსპერტები და შვილი მოვიდნენ. საფლავი გათხარეს და ცხედარი გადაასვენეს. 2-3 საათში ისევ დააბრუნეს და დაკრძალეს. მანამდე კი შვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა დედა გარდამეცვალა და ადგილი მინდაო. რაბათის სასაფლაოზე შეიძინა მიწა. საბუთები წესრიგში იყო, ჰქონდა მიწის საფასურის გადახდის ქვითარი და გარდაცვალების მოწმობა. ამის გარეშე ვერ დავასაფლავებდით მიცვალებულს".

შსს–მ გამოძიება გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით შეიტყო, რომ მოხუცი ქალი გარდაიცვალა და ის შვილმა უხმაუროდ, მალევე დაკრძალა. ეს ფაქტი კი გარდაცვლილის ახლობელს საეჭვოდ ეჩვენა.

მეზობლებისგან ირკვევა, რომ შვილმა მოხუცი დედა გარდაცვალებიდან მეორე დღეს ისე დაკრძალა, რომ ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე პირმა იცოდა.

„დედა-შვილი ცხოვრობდა, ქალი ლოგინად იყო ჩავარდნილი. არც ერთი ნათესავი არ ეკარებოდა, ამ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მარტო უვლიდა, ასმევდა და აჭმევდა მოხუც დედას ორი წლის მანძილზე. გვერდით მდგომი არავინ ჰყავდა და ვის დალოდებოდა, ვისთვის ეთქვა დედა მომიკვდა და მოდით მომისამძიმრეთო. წესი აუგო და დაასაფლავა. ჩვენ ორი-სამი დღის შემდეგ გავიგეთ ეს ამბავი“, - გვითხრა გარდაცვლილის მეზობელმა.

28 იანვარს შუახნის კაცმა დედა მარტომ დაასაფლავა. მეზობლების ნაწილი ეჭვობს, რომ შვილმა დედა მოკლა და ჩუმად ამიტომ დაასაფლავა, რადგან გაყიდულ ბინაში ცხოვრობდნენ. ახალი მეპატრონე კი ბინის დაცლას ითხოვდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი ექიმმა, რომელმაც გარდაცვალების ცნობა გასცა, სამსახური დატოვა.
| Print |