სამართალი
შსს–მ ძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შსს–ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასპინძაში მოქალაქის გაძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და 1996 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ფ.ა. ასპინძაში ერთ-ერთ მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში თავს დაესხა. თავდამსხმელმა მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ასპინძაში დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი ტელეფონი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით, ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

| Print |